საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ახლა საუდის არაბეთისკენაა მიმართული.
ერ-რიადში ხვალ აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი და საომარი მოქმედებების დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მომზადებაა. მხარეები ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების აუდიენციის პერსპექტივასაც განიხილავენ. ხვალინდელ შეხვედრას წინ უძღოდა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ერთმანეთის ქვეყნებში აუდიენციისთვის მზაობა დაადასტურეს. აშშ-ის დელეგაციაშია სახელმწიფო მდივანი, რომელიც ამბობს, რომ ომის დასრულება მარტივი პროცესი არ იქნება. რუსეთიდან გაგზავნილ ჯგუფში კი საგარეო საქმეთა მინისტრიც შედის. ერ-რიადში ჩასვლას აპირებს უკრაინის პრეზიდენტიც, რომელიც როგორც ირკვევა, ამერიკის და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საერთოდ არ არის ინფორმირებული.