ომი უკრაინაში - მე-40 დღე

ომის მე-40 დღე უკრაინაში და რუსი სამხედროების სისასტიკე. ბუჩას კადრების შემდეგ, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა, ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები გრძელდება. გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება. ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. ავიაიერიშის შედეგად დაინგრა ათამდე საცხოვრებელი სახლი. უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი ფარულად ახდენს რეზერვისტების მობილიზებას და დამატებით 60 000-მდე ჯარისკაცის შეგროვება სურს.

ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები გადიან სუმის რეგიონიდან. გუბერნატორის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს დანაკარგები აქვთ კიევსა და ჩერნიგოვოში. დაიბომბა ქალაქი ტერნოპოლი. უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების შვიდი შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. ასევე, გაანადგურეს რუსეთის ხუთი საჰაერო სამიზნე.