უპირობო მხარდაჭერა უკრაინას და ოთხპუნქტიანი შეთანხმება – ამ შედეგით დასრულდა ლონდონში ევროპელი ლიდერების და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული სამიტი.
პარასკევს თეთრ სახლში ნაადრევად დასრულებულმა შეხვედრამ და ტრამპსა და ზელენსკის შორის მწვავე კამათმა „ლანკასტერ ჰაუსში“ მოწყობილი სამიტის მიმართ ინტერესი და ყურადღება გააორმაგა. დასავლეთის ლიდერები თანხმდებიან, რომ საჭიროა ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა და უსაფრთხოების მყარი გარანტიები უკრაინისთვის, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის პირველი პირის ყოფნა, ცეცხლის შეწყვეტამდე უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება და თავდაცვითი ხარჯების ზრდა. სამიტის დასრულების შემდეგ განხილვის თემა გახდა ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით სამიტის მასპინძელი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერები ცეცხლის ერთი თვით შეწყვეტის და ზავის ინიციატივით გამოვიდნენ. საკუთარი პირობები აქვს უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც დონალდ ტრამპთან კონსტრუქციული დიალოგისთვის და მინერალების შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. სამშვიდობო პროცესში ამერიკის განსაკუთრებულ როლს სამიტის ყველა მონაწილემ გაუსვა ხაზი.