ომი უკრაინაში - 95-ე დღე

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 95-ე დღეს, ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივ საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს. მიზეზი დაჭრილებისათვის საწოლების გამოთავისუფლებაა. გადაწყვეტილება საოკუპაციო ე.წ. ადმინისტრაციამ მიიღო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ყირიმში დონორთა სისხლის შეგროვება ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმებისთვის საჭირო ღონისძიებები ტარდება. ბელარუსის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და ავიადარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო არსებული ფრონტის ხაზის შეკავებაზე. ასევე უკრაინული მხარე იუწყება, რომ დანაკარგების ასანაზღაურებლად ოკუპანტები საწყობებიდან მოძველებულ იარაღს, სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნიკას იღებენ.