ომი უკრაინაში - 70-ე დღე

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გუშინ 20-ზე მეტი რაკეტა გაისროლა – მათი უმეტესობა კასპიის ზღვიდან იყო გაშვებული. სარაკეტო იერიში განხორციელდა ლვოვზე. ქალაქის მერმა მოსახლეობას სთხოვა, არ დაეტოვებინათ თავშესაფრები. ომის დაწყებიდან დღემდე, პირველად განხორციელდა იერიში ზაკარპატიის ოლქში.

რუსული ჭურვები ჩამოვარდა ოდესისა და დონეცკის ოლქებში. დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის იერიშებს 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ათი ადამიანი ქალაქ ავდიივკაში, ერთ-ერთ ქარხანაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.