ომი უკრაინაში - 668-ე დღე

უკრაინაში ომი უკვე 668-ე დღეა მიმდინარეობს. უკრაინული ძალების განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით სამხედროების დანაკლისი აქვთ და ეს საბრძოლო მასალის დეფიციტზე დიდი პრობლემაა. ითქვა ისიც, რომ ჯარისკაცების დანაკლისის შევსება სათანადოდ ვერ ხერხდება. ამიტომ, მოსალოდნელია დამატებითი მობილიზაცია, რომელიც პირველ რიგში, ახალგაზრდა მამაკაცებს შეეხებათ.

პარალელურად, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში სამი რუსული ბომბდამშენის, „სუ-34“-ის ჩამოგდების შესახებაც განაცხადეს. როგორც კიევში ამბობენ, სამხედროებმა თვითმფრინავები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გაანეიტრალეს. მოსკოვში ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა, ფრონტზე უკრაინის ამჟამინდელი სირთულეები დასავლური იარაღის არასაკმარისი რაოდენობითა და მიწოდების შენელებული ტემპით არის გამოწვეული.