ომი უკრაინაში - 655-ე დღე

რუსეთის საოკუპაციო არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ოთხმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონი ნაღმმტყორცნებით, არტილერიით, ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბეს. 20-მდე ჭურვი საცხოვრებელ ზონაში ჩავარდა. რუსეთის სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის რეგიონიც. პარალელურად, უკრაინელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ავდეევკის მიმართულებით რუსეთი სამხედრო ძალების გადაჯგუფებას ასრულებს და ემზადება მასიური თავდასხმის მესამე ტალღისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, წინა ორზე ძლიერი იქნება. ამჟამად, ავდეევკასთან სულ მცირე 40 ათასი რუსი სამხედროა მობილიზებული. უკრაინის მედია წერს, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ავდეევკას მიმართულებით ახლა 25 პროცენტით მეტია, ვიდრე ბახმუტზე თავდასხმის დროს იყო. ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, რუსი ოკუპანტები რთულ ამინდში აძლიერებენ შეტევას და ცდილობენ ინიციატივის მოპოვებას რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.