ომი უკრაინაში - 59-ე დღე

აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს არ წყვეტს და სამხედრო ინტერვენციას განაგრძობს. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჰუმანიტარული კატასტროფა სულ უფრო მძიმე მასშტაბებს იღებს… რეპორტაჟის დასრულებისთანავე პირდაპირ ეთერში სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ჩაგვერთვება და სწორედ მის შეფასებებს მოვისმენთ, თუ რა შანსი აქვს დღეს კიევს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და რამდენად აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას ომის დანაშაულების სათანადოდ გამოძიების ბერკეტი, მანამდე კი სალომე თორაძის რეპორტაჟში ნახეთ ომის 59-ე დღე.

საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრის აღმოსავლეთ უკრაინაში გადატანისა და ომის მეორე ფაზის გამოცხადების ფონზე, რუსული ძალები აქტიურად ბომბავენ ქვეყნის ჩრდილოეთით, თუ სამხრეთით მდებარე სხვა რეგიონებს. დღეს სარაკეტო იერიშები განხორციელდა ოდესაზეც, სადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი თვის ჩვილი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.

დღესვე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „ტვიტერში“ გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ აღდგომის დღესასწაულზე მისი ფიქრები უკრაინელი ხალხისკენ არის მიმართული.