ომი უკრაინაში - 46-ე დღე

უკრაინის ხელისუფლება დონბასში „გადამწყვეტ ბრძოლას“ ელოდება. რუსული იერიშების რამდენიმე მიმართულებაზე წინსვლა შეჩერდა და ამჟამად საოკუპაციო ძალები მარიუპოლის და დონბასის მიმართულებით ახდენენ გადაჯგუფებას. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დონბასში მოსალოდნელი დაპირისპირების დასრულებამდე არ გაიმართება. რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინას დასავლეთის ქვეყნები უწყვეტ დახმარებას ჰპირდებიან. უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, კიევის ოლქში რუსეთის აგრესიას სულ მცირე 1 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, ირინა ვენედიქტოვას ცნობით, სამართალდამცველებმა 5 600 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებს ეხება. უკვე 500 ეჭვმიტანილია იდენტიფიცირებული.