ომი უკრაინაში - 374-ე დღე

ბახმუტში საბრძოლო მოქმედებები უკვე უშუალოდ ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები წინააღმდეგობას უწევენ რუს სამხედროებს, თუმცა, დასავლური დაზვერვის ცნობით, ოკუპანტების ზეწოლა საკმაოდ ძლიერია. დაიბომბა ბახმუტთან დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, რომლითაც ქალაქში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები მარაგდებოდნენ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინის არმიამ ოკუპანტების 150 შეტევა მოიგერია. მათ შორის კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის მიმართულებით. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. პარალელურად, გაიზარდა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილი იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ათი ადამიანი. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ამ ფონზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირს, გაზარდოს საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინას თვეში 250 ათასი ასეთი ჭურვი ესაჭიროება.