ომი უკრაინაში - 336-ე დღე

საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის მთელი უკრაინის მასშტაბით – თავდაპირველად ის კიევში გაისმა და შემდეგ ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, განგაში ბელორუსის ტერიტორიიდან რუსული მოიერიშე თვითმფრინავის აფრენას უკავშირდება. რაც შეეხება აღმოსავლეთის ფრონტის ხაზს. უკრაინელებმა ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებით რუსეთის შეტევების მოგერიება შეძლეს. გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია აგრძელებს იერიშს ბახმუტზე და დიდ დანაკარგს განიცდის. კუპიანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით ოკუპანტები თავდაცვით პოზიციაში რჩებიან.

გასულ დღე-ღამეში რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ობიექტებზე. ასევე, რუსეთის ავიაციამ 13-ჯერ დაბომბა უკრაინის ტერიტორია. რუსი ჯარისკაცები განაგრძობენ შეტევას სატანკო, საარტილერიო შეიარაღებიდან და ნაღმტყორცნებიდან. ღამით სუმის ოლქს 200-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი.