ომი უკრაინაში - 332-ე დღე

უკრაინაში ომის 332-ე დღეა – უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 12 დასახლებასთან მოიგერიეს. მათივე ცნობით, დღე-ღამეში ოკუპანტებმა შვიდი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მათ შორის კრამატორსკსა და გულაიპოლეზე. ასევე, მიიტანეს 15 საავიაციო იერიში და 68-ჯერ გაისროლეს ზალპური ცეცხლი რეაქტიული სისტემებიდან.

უკრაინის გენშტაბი ასევე იუწყება, რომ რუსეთმა შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს მიმართულებითაც. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღე-ღამეში 18 დარტყმა მიიტანეს რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის შეკრების ადგილებზე. ჩამოგდებულია ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი. განადგურებულია ორი სამხედრო საწყობი.

თავის ტრადიციულ გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარტნიორების მიერ გაწეული სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაზე მთავარია, უკრაინამ იარაღი მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს. მისივე თქმით, უკრაინას კიდევ მოუწევს ბრძოლა, რომ კიევმა მიიღოს თანამედროვე ტანკები.