ომი უკრაინაში - 275-ე დღე

რუსულმა ძალებმა ხერსონის საცხოვრებელი ზონები დაბომბეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან და არტილერიით მოხდა, რის გამოც საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ჭურვები დაეცა საბავშვო მოედანსაც.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა 70-ზე მეტი ჭურვი ისროლა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლის მიმართულებითაც. დაშავებულები არ არიან. დაიბომბა ზაპოროჟიეც, სადაც დაზიანდა საავადმყოფოს შენობა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში უკრაინელმა დამცველებმა შეძლეს რუსეთის 11 იერიშის მოგერიება დონბასის სხვადასხვა დასახლებებთან. უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ხერსონის მიმართულებით ცეცხლის გახსნას დამარცხებული რუსეთის შურისძიება უწოდა. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი იერიშების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ. მისი თქმით, როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის მიწოდების მხრივ, რთული მდგომარეობა ქვეყნის 15 რაიონშია.