ომი უკრაინაში - 255-ე დღე

უკრაინის არმიამ დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის სამხედრო აღჭურვილობის მობილიზების ადგილები დაბომბა – იერიშის შედეგად განადგურებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების ტანკები, ჯავშანმანქანები და ცოცხალი ძალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ექვსი სარაკეტო და 21 საავიაციო შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ამავე ცნობებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით სულ მცირე 60-ჯერ მიიტანეს.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამიზნე გახდა ლვოვის, ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევისა და ვინიცის ოლქები. დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქში სამი საწარმო ობიექტი დაზიანდა. „გრადის“ სისტემით 40 ჭურვი ესროლეს ნიკოპოლს.

უკრაინელებმა კი ბოლო ერთ დღეში, ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში, რუსეთის არმიის „კა 52“-ის ტიპის ორი სამხედრო ვერტმფრენი და ექვსი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. უკრაინის ძალებმა დაბომბეს რუსეთის არმიის ნაწილების სამი სამხედრო საწყობიც. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 19 მესაზღვრე გაათავისუფლა.