ომი უკრაინაში - 213-ე დღე

ომის 213-ე დღე. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც მრავალსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია შვიდი ადამიანი. საოკუპაციო ძალებმა იერიში განახორციელეს ნიკოლაევსა და კიდევ ორ ქალაქზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსების მთავარი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე, 56 300 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი ე.წ რეფერენდუმის მეორე დღეა. რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმების პირველ დღეს დონეცკის ოლქში ამომრჩეველეთა აქტივობა 23 პროცენტი იყო, ზაპოროჟიეში – 20, ხერსონში კი 15 %. საპასუხოდ, უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ ლუგანსკში რეფერენდუმში იმათ ხმებსაც ითვლიან, ვინც ტყვედ ჩავარდა ან გარდაიცვალა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რეფერენდუმზე ნებისმიერ პასუხს რუსები დადებით პასუხად აფასებენ. მათივე თქმით, ოკუპანტები მოსახლეობას აშინებენ, სახლებში აკითხავენ და ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობას აიძულებენ.