ომი უკრაინაში - 208-ე დღე

ომის 208-ე დღე. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელებმა სვატოვოში რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმები ისმის ხერსონშიც, სადაც გასულ დღეს უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალების საწყობი დაწვეს. უკრაინის მხრიდან დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეს და დონეცკის რაიონებშიც, შედეგად რუსებმა ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. თავის მხრივ, რუსეთმა უკრაინის 30 დასახლებაზე სარაკეტო და საარტილერიო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 8 ადამიანი და 33 კი დაშავდა. ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსებმა ერთ-ერთ დასახლებაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია მაშინ დაბომბეს, როცა პაციენტების ევაკუაცია ხორციელდებოდა. დაიღუპა ოთხი სამედიცინო მუშაკი და დაშავდა ორი პაციენტი. პარალელურად, ხარკოვის რაიონში გრძელდება რუსებისგან გათავისუფლების ოპერაცია. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელები ისეთ ადგილებს პოულობენ, რაც მათი თქმით, წამების ფაქტებზე მეტყველებს. გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 34 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. მოკლულია 390 და დაშავებულია 757 ბავშვი.