ომი უკრაინაში - 193-ე დღე

საომარი მოქმედებების 193-ე დღეს რუსეთის ძალები უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებენ. გვიან ღამით ინტენსიურად დაიბომბა მიკოლაევის ოლქი. დნეპროპეტროვსკის ოლქში კი რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს ცხრა წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ათი ადამიანი. ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის თავდასხმა რვა დასახლებულ პუქნტში მოიგერიეს. ოკუპანტები შეტევას აგრძელებენ ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით.

გუშინ საღამოდან აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონშიც. ადგილობრივების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დასასვენებელი კომპლექსი გაანადგურეს, სადაც ოკუპანტები და კოლაბორანტები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, გენშტაბში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სპეცრაზმის განთავსების ობიექტი გაანეიტრალეს.