ომი უკრაინაში - 172-ე დღე

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ გაუხსნეს ცეცხლი ქალაქ ენერგოდარს, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. არიან დაშავებულები. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგური სახანძრო და რადიაციული უსაფრთხოების დარღვევის რისკის ქვეშ აგრძელებს ფუნქციონირებას.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს, რომ კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქში მდებარე ანტონოვსკის ხიდზე. შედეგად, ხიდის გამოყენება მძიმე ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადასატანად პრაქტიკულად შეუძლებელია. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასშიც. უკრაინული მხარე კატეგორიულად უარყოფს რუსეთის ინფორმაციას მათ მიერ დასახლება პესკის დაკავების შესახებ. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმია დონეცკისა და ლუგანსკის საზღვარზე წინ წაწევას ვერ ახერხებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია ქალაქ სლავიანსკთან უკრაინელების თავდაცვითი პოზიციების გარღვევას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. დაზვერვის სამსახურის ცნობით, დღეის მდგომარეობით, უკრაინის ომში ჩართული რუსეთის ძალების მეხუთედი განადგურებულია.