ომი უკრაინაში - 150-ე დღე

რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას განაგრძობენ. ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რაიონის მიმართულებით 20-მდე რაკეტა ისროლეს, რომელთა უმეტესობა მდინარე დნეპრში ჩავარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიბომბა სლავიანსკიც.

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, დარტყმების შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი. ოდესის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა „ვოლ სთრით ჯურნალთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამჟამად ფრონტზე დღეში დაახლოებით 30 უკრაინელი იღუპება, ხოლო 250-მდე კი იღებს დაზიანებას, რაც ომის დასაწყისთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებული დანაკარგებია. მისივე თქმით, ახლა რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც კრემლს დასვენების საშუალებას მისცემს. ზელენსკის თქმით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებამ შესაძლებელი გახადა ფრონტის ხაზზე ვითარების რადიკალური ცვლილება და რუსეთი ახლა გაცილებით ნაკლებ ჭურვს ისვრის უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის 150-ე დღეს, აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში.