ომი უკრაინაში - 150-ე დღე

დაიღუპა სამი და დაშავდა 16 ადამიანი კიროვოგრადის მხარეში, სადაც რუსულმა ძალებმა 13 რაკეტა ისროლეს. გარდა ამისა, „ეს-300-ის“ ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემების გამოყენებით ექვსი შეტევა განხორციელდა ნიკოლაევზეც, რის შედეგად, ერთ-ერთი საწყობის ტერიტორიას ცეცხლი გაუჩნდა. აფეთქებების ხმა ისმოდა სუმის მხარის ქალაქ შოსტკაში. არიან დაშავებულები. იბომბება ზაპოროჟიეს რაიონი და სლავიანსკიც.

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, დარტყმების შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი. ოდესის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა „ვოლ სთრით ჯურნალთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამჟამად ფრონტზე დღეში დაახლოებით 30 უკრაინელი იღუპება, ხოლო 250-მდე კი იღებს დაზიანებას, რაც ომის დასაწყისთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებული დანაკარგებია. მისივე თქმით, ახლა რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც კრემლს დასვენების საშუალებას მისცემს. ზელენსკის თქმით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებამ შესაძლებელი გახადა ფრონტის ხაზზე ვითარების რადიკალური ცვლილება და რუსეთი ახლა გაცილებით ნაკლებ ჭურვს ისვრის უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის 150-ე დღეს, აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში.