ომი უკრაინაში - 141-ე დღე

გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში დაბომბვების შედეგად სამი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა და ხუთი დაშავდა. მათ შორის ორი ჩასოვი იარში, ერთი კი მიკოლაევში დაიღუპა. ბახმუტში სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებების ხმა ისმის მიკოლაევში, ხარკოვში, სლავიანსკსა და კრამატორსკში. მიკოლაევის მერის ინფორმაციით, დაიბომბა სამოქალაქო ობიექტები. ზაპოროჟიეში კი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ქალაქს ორი ჭურვი დაეცა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სლავიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა შტურმი მოიგერიეს. ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა დასახლებული პუნქტების მისამართით. დღეს დონბასიდან ლვოვის მიმართულებით საევაკუაციო მატარებლის რეისი დაინიშნა, რომელიც პაკროვსკიდან გაემართება. ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში კი ვარაუდობენ, რომ რუსეთმა რეგიონებში მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება დაიწყო და მონაწილეობისთვის 6-თვიანი კონტრაქტის სანაცვლოდ, პირებს 3700-დან 6 ათას დოლარამდე ანაზღაურებას სთავაზობენ.