ომი უკრაინაში - 138 დღე

უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება – დონბასის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ყველაზე ცხელ წერტილად ახლა ბახმუტის რაიონი ითვლება. სადაც რუსი სამხედროები და სეპარატისტული დაჯგუფებები იერიშებს ახორციელებენ და ცეცხლგამჩენ ჭურვებს იყენებენ. შედეგად, ათამდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპანტებს სურთ ბახმუტის იზოლაცია, აძლიერებენ საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს ქალაქის დასავლეთით.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს დნეპრისა და ნიკოლაევის რეგიონებზე. დნეპრის ოლქის დაბომბვის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. ნიკოლაევის რეგიონის დასახლებების წინააღმდეგ რუსეთის არმიის ნაწილებმა ექვსი რაკეტა ისროლეს. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე და ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს.

გავრცელებული ცნობით, ხარკოვში გასულ ღამეს სულ სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში სამხრეთის მიმართულებით 38 რუსი ჯარისკაცი, ათი ერთეული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს. უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.