ომი უკრაინაში - 130-ე დღე

რუსული აგრესია გრძელდება. სევეროდონეცკის დაკავების შემდეგ, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას ქალაქ ლისიჩანსკისკენ მიმართავენ. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს და გრძელდება საარტილერიო დაბომბვები. რუსები აცხადებენ, რომ ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარეს, თუმცა უკრაინაში რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. პარალელურად, კვლავ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა რაიონების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვები. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ხარკოვის რაიონი, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ოდესის ოლქში. რაკეტა დასასვენებელ კომპლექსთან ახლოს ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. საარტილერიო დანადგარებით დაიბომბა სუმის, მიკოლაევის და ხერსონის ოლქებიც. უკრაინული მხარის განცხადებით, მელიტოპოლში რუსების ერთ-ერთი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის 10 ოლქი დაზარალდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, უკრაინა შვეიცარიაში დაგეგმილ სპეციალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

დატოვე კომენტარი