ომი უკრაინაში - 129-ე დღე

რუსულმა ძალებმა სლავიანსკში კასეტური ბომბები ჩამოყარეს. შედეგად, ქალაქის მერის განცხადებით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია შვიდი ადამიანი. თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ლიმანის მიკრორაიონი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში რუსები დაკარგული პოზიციების დაბრუნებას შტურმით ცდილობენ. მანამდე კი, რუსი ოკუპანტების სამიზნე ქალაქი ბახმუტი გახდა. დაბომბვისას ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ზუსტი იარაღის სიმცირის გამო, რუსული ძალები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს იყენებენ.

საჰაერო და საავიაციო დაბომბვების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ნარჩუნდება. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ მიკოლაევში, მანამდე, პირველი ივლისის ღამეს რუსული არმია ოდესის ოლქის სოფელ სერგეევკას დაესხა თავს, რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა და დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაკეთებული ვიდეომიმართვისას ოდესაში მომხდარი რუსული სარაკეტო თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ამ სახლში დაახლოებით 160 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა და ეს არის მიზანმიმართული რუსული ტერორი. აქვე, უკრაინელმა ლიდერმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა.