ომი უკრაინაში - 128-ე დღე

რუსეთმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა საპორტო ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტა ცხრასართულიან სახლსა და დასასვენებელ ბაზას მოხვდა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის სამი ბავშვია. დაშავდა 30 მოქალაქე. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, ოდესაზე იერიში რუსეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა შავი ზღვის საჰაერო სივრციდან მიიტანეს. ამას გარდა, აფეთქებების ხმა გუშინ ღამით ისმოდა ხარკოვშიც. მძიმეა სიტუაცია უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. დონბასში უკრაინელებმა რუსეთის არმიის რამდენიმე იერიშის მოგერიება შეძლეს. ყველაზე რთული ვითარებაა ლუგანსკის ქალაქ ლისიჩასნკთან, რომლის დაბომბვაც ინტენსიურად მიმდინარეობს. არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი ქალაქ ბახმუტსა და სალავიანსკზეც განაახლებს შეტევას. სამხრეთის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო დღე-ღამეში 35 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია შეძლეს. განადგურებულია სამხედრო ტექნიკა. მათ შორის ორი მოდერნიზებული ტანკი. რაც შეეხება კუნძულ ზმეინის, რომელიც რუსებმა გუშინ დატოვეს, რუსმა ჯარისკაცებმა ტერიტორია დანაღმეს. კუნძულზე განლაგებული ტექნიკის ნაწილი უკრაინელებმა გაანადგურეს, ხოლო ნაწილი თავად ოკუპანტებმა.