ომი უკრაინაში - 122-ე დღე

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი დატოვეს და გამაგრებულ პოზიციებზე გადაინაცვლეს. ამის შესახებ ქალაქის მერი იუწყება. მისი თქმით, ქალაქში მდებარე ქარხანა „აზოტში“, ჯერ კიდევ რჩებიან სამოქალაქო პირები.

მანამდე სევეროდონეცკში მდებარე ქარხნის და ასევე აეროპორტის რუსული ძალების მიერ დაკავების შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა გაავრცელა. უკრაინაში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის ეპიცენტრად კვლავ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი რჩება. თუმცა, დღეს აფეთქებების ხმა უკრაინის სხვა რაიონებში ისმოდა.

სარაკეტო და საარტილერიო იერიშები იყო ლვოვის, ჟიტომირის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. რუსების სამიზნეს სამხედრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. უკრაინელი სამხედროების ცნობით, მათ ათზე მეტი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა ბევრი მათგანი მაინც ჩამოვარდა უკრაინის ტერიტორიაზე. ჟიტომირის ოლქის ხელისუფლების ცნობით, რეგიონის მიმართულებით რუსებმა 24 რაკეტა გაისროლეს. დაღუპულია ერთი სამხედრო, კიდევ ერთი დაიჭრა. დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსებმა არტილერიიდან კრივოიროგის დასახლებები დაბომბეს. დაშავდა 30 წლის ქალი და დაზიანდა კერძო სახლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები პოზიციების შენარჩუნებას ხარკოვში ცდილობენ, ამიტომ ქალაქის ინფრასტრუქტურას აქტიურად ბომბავენ. რუსი სამხედროების შეტევის ობიექტია სლავიანსკიც. უკრაინელები კი კუნძულ ზმეინიზე იერიშების მიტანას აგრძელებენ. მათ შეძლეს რუსული რადიოლოკაციური სადგურის და საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირის“ განადგურება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათ უკვე მიიღეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ამერიკიდან და მათ ფრონტის ხაზზე იყენებენ. როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რუსეთთან ომში გარდამტეხი მომენტი აგვისტოში დადგება, ხოლო წლის ბოლომდე უკრაინა ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებს.