ომი უკრაინაში -116-ე დღე

რუსეთი უკრაინის მთელი ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებს. საოკუპაციო ძალებმა სამი სარაკეტო დარტყმა დნიპროს ოლქში განახორციელეს და ნავთობბაზა გაანადგურეს. შედეგად, დაშავებულია 11 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. შეტევა გრძელდება მიკოლაევის და ხარკოვის რაიონებზეც. დარტყმების შედეგად, ხარკოვში განადგურებულია ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი ტერმინალი. საარტილერიო დარტყმები მიმდინარეობს დონბასის რეგიონშიც. გასულ ღამეს დაბომბვების შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 11 ადამიანი. ისევ გრძელდება ინტენსიური ბრძოლები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ბოლო ცნობებით, რუსებმა სევეროდონეცკში გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს და ქალაქს თითქმის მთლიანად აკონტროლებენ. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა სევეროდონეცკისა და პოპასნაიას მიმართულებით რეზერვების დიდი რაოდენობის მობილიზება მოახდინეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ გასულ დღეს აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში 87 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, საბრძოლო მასალების ორი საწყობი კი გაანადგურეს.