ომი უკრაინაში - 109-ე დღე

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. ძირითადი ბრძოლები კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში მიმდინარეობს. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მძიმე რჩება ვითარება ქალაქ სევეროდონეცკში. უკრაინელები ქალაქის მხოლოდ 30 პროცენტს აკონტროლებენ. სერგეი გაიდაის თქმით, გრძელდება სევეროდონეცკის და მის მახლობლად მდებარე ლისიჩანსკის დაბომბვები, რის შედეგადაც ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნადგურდება. დაბომბვების შედეგად, ხანძარი გაჩნდა ქარხანა „აზოტში“, სადაც უკრაინული მხარის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. დაიბომბა ხარკოვის რაიონიც, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. დონეცკის რაიონზე ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, 10 კი დაშავდა. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ტერნოპოლსკის რაიონზეც. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში, რუსების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, რის შედეგადაც 50-მდე რუსი ჯარისკაცი, 10 ტანკი, 16 ჯავშანტრანსპორტი და 7 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

მოამბე