ომი უკრაინაში - 108-ე დღე

უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიულ ზონაში კვლავ აქტიური საომარი მოქმედებებია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან ისევ სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხეა. რუსული ჯარების ძირითადი ძალისხმევა ოკუპირებული ტერიტორიების დაცვასა და უკრაინის ძალების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზეა მიმართული.

არსებული ცნობებით, ოკუპანტები სლავიანსკზე თავდასხმისთვის დანაყოფებს ამზადებენ, სევეროდონეცკში კი რუსული ჯარები წინსვლას ცდილობენ და რამდენიმე მიმართულებით გარკვეული წარმატებებიც აქვთ. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ოკუპანტები კვლავ ახდენენ სამოქალაქო გემების ბლოკირებას.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვის მიხედვით, სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლების შედეგად, დიდი რაოდენობით მსხვერპლი აქვს ორივე მხარეს. არსებული ცნობებით, რუსული არმია მასობრივ საარტილერიო და სარაკეტო იერიშებს ახორციელებს უკრაინული თავდაცვის დასაძლევად. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომის 108 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 595 ერთეული მხოლოდ ფრთოსანი რაკეტა ისროლა.