ომი უკრაინაში - 101-ე დღე

უკრაინაში რუსული აგრესიის 101-ე დღე – ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთის ნაწილში და კვლავ აგრძელებენ სარაკეტო და ავიადარტყმებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. გამთენიისას რუსეთის ძალებმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბრძოლები მიმდინარეობს სლობოჟანსკის მიმართულებით. მათი მხრიდან ამ ტერიტორიაზე ხდება ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის შეყვანა. ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე.

დონეცკის მიმართულებით, რუსული ჯარები მძიმე შეიარაღებით ზიანს აყენებენ უკრაინული ძალების პოზიციებს ფრონტის მთელ ხაზზე, მაგრამ აგრესორების წინსვლის ტემპები დაბალია, მათი პერსონალის ფიზიკური დაღლილობისა და დაბალი მორალური მდგომარეობის გამო. ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ სევეროდონეცკსა და ბახმუტზე. ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში, რუსული ქვედანაყოფების ოკუპირებული ტერიტორიების 20% უკან დაიბრუნეს. რაც შეეხება რუსეთის ტყვეობაში მყოფ ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლებს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათთან კომუნიკაციას თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანამშრომლები ახორციელებენ.