ომი უკრაინაში

უკრაინის ქალაქების დაბომბვა ისევ გრძელდება – აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკთან. საოკუპაციო ძალები ცდილობენ, მთლიანად დაიპყრონ ქალაქი, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

სერგეი გაიდაის თქმით, რუს სამხედროებს ქალაქის ალყაში მოქცევის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა უკრაინის საარტილერიო შეტევის შედეგად, საოკუპაციო ძალებმა უკან დაიხიეს. უკრაინის არმია სრულად აკონტროლებს სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე ქალაქ ლისიჩანსკს, რომელსაც რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ. ასევე, ხარკოვის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ჯარების პოზიციები ქვემეხებითა და რეაქტიული არტილერიით დაბომბეს.

ავიაიერიში განხორციელდა მიკოლაევის რაიონზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. რაც შეეხება უკრაინული მხარის წინსვლას, უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარების ტაქტიკური ჯგუფი, ერთ-ერთი სამხედრო ცენტრი და უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურა.