ომბუდსმენობის კანდიდატები

ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი? დეპუტატებმა ომბუდსმენობის ყველა იმ მსურველს მოუსმინეს, რომლებიც გასაუბრებაზე გამოცხადდნენ. ახლა კი ბოლო პროცედურა დარჩა, პარლამენტმა მომავალ კვირას არსებულ კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს და ახალი სახალხო დამცველი აირჩიოს. ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატები უალტერნატივოა. პარტია „გირჩში“ კი ფიქრობენ, რომ ომბუდსმენი მათ მიერ დასახელებული იაგო ხვიჩია უნდა გახდეს, რომელმაც მათივე თქმით, გასაუბრებაზე თავი სწორად წარმოაჩინა და სამომავლო გეგმებიც კარგად დასახა. პოზიციის დაფიქსირებისგან ამ დრომდე თავს იკავებს უმრავლესობა, თუმცა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი სიმპათია რამდენიმე კანდიდატმა დაიმსახურა.

სახალხო დამცველი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევს.