ნინო დათაშვილის უფლებადამცველების განცხადება და პროკურატურის გამოხმაურება
სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილდეს პროკურატურის მოთხოვნა – დაკავებული ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, აპროტესტებენ და უკანონოს უწოდებენ დათაშვილის უფლებადამცველები. მათ განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, სადაც ნათქვამია, რომ დათაშვილს აქვს ხერხემლის მძიმე დიაგნოზი, რომლის თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რაც ადვოკატ თამარ გაბოძის განცხადებით, არ არის დიაგნოზი და ემოციური ლაბილობა არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად.
ნინო დათაშვილის უფლებადამცველების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს პროკურატურა განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია: „აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქოემოციური ლაბილობა, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა. ვინაიდან ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა. აქვე გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, ნინო დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.