ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც დათაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს აცილებას – იმ მოტივით, რომ ბრალდების ყველა მოწმე ამ სასამართლოს თანამშრომელია, მათ შორის მოწმე და დაზარალებულად ცნობილი მანდატურიც და სასამართლოს ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ეჭვები ჩნდება.
ასევე დაცვის მხარემ საქმის პროკურორის მედეა ცირამუას აცილების შუამდგომლობაც დააყენა. როგორც ადვოკატი განმარტავდა, ცირამუამ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება განიზრახა, გაბოძის თქმით, პროკურორს დოკუმენტში მითითებული აქვს დათაშვილის ფსიქიკური არამდგრადი მდგომარეობა და ფსიქიკური აშლილობა, რაც სიცრუეა და ეს ტექნიკური შეცდომა არაა. ადვოკატის განმარტებით, პროკურორმა ოფიციალურ დოკუმენტებში არასწორი ინფორმაცია შეიტანა და მან დათაშვილის დისკრედიტაცია გადაწყვიტა.
პროკურორის განმარტებით კი, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ინიშნება ექსპერტიზა არა მხოლოდ დოკუმენტაციის, არამედ პირის ქცევის საფუძველზეც და ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი სტიგმა არ ყოფილა. როგორც პროკურორმა განმარტა, ნინო დათაშვილთან საექსპერტო კვლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ განხორციელდა. კერძოდ კი, ექსპერტს და ბრალდებულს შორის მოხდა გასაუბრება. ამასთან დაკავშირებით კი პროტესტს გამოთქვამს ადვოკატი და აცხადებს, რომ საექსპერტო კვლევა ჩუმად, დაცვის მხარის გაფრთხილების გარეშე ჩატარდა.