პროკურატურაში განმარტავენ, თუ რატომ დასჭირდათ დაკავებული ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა. პროკურორი დავით ყაზარაშვილის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქოემოციური ლაბილობა. დოკუმენტიდან გამომდინარე, რადგან ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.
დავით ყაზარაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ექსპერტთან გასაუბრებაზე უარს განაცხადებს, ექსპერტიზის პროცედურა ვერ შედგება. პროკურორმა აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ნინო დათაშვილის ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი არ აქვს, რადგან წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ნეიროქირურგის მიერ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ, თანმდევ სიმპტომად აღენიშნებოდა ფსიქოემოციური ლაბილობა, რაც დროებითია. მისი თქმით, დოკუმენტის წარდგენის მიზანი იყო, რომ სასამართლოს სცოდნოდა მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ და გაეთვალისწინებინა, რომ ნინო დათაშვილს აღნიშნული ოპერაციის შემდეგ წელის არეში ძლიერი ტკივილები აქვს.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი 9 ივნისს საქალაქო სასამართლოს ფოიეში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე – სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავება.