ნიკოლას მადურო დაკავებულია - შეფასებები

აშშ-ის სამხედრო ოპერაციის გამო, კოლუმბიის მთავრობა გაერო-ში შეხვედრის გამართვას ითხოვს. კუბის ხელისუფლებამ კი შტატების მოქმედებას კრიმინალური თავდასხმა უწოდა. მომხდარს ბრაზილიის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ლულა და სილვას განცხადებით, აშშ-ის თავდასხმა ვენესუელაზე „სუვერენიტეტის ძალიან სერიოზული ხელყოფაა“. მადუროს დაკავების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთიც.

ევროკავშირში კი აცხადებენ, რომ არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და კარაკასში ევროკავშირის ელჩს ესაუბრა. კაია კალასმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ლეგიტიმურობას მოკლებულია და გაერთიანება მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის მომხრეა. თუმცა, მისივე თქმით, ნებისმიერ ვითარებაში საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს. კალასმა გაერთიანების მთავარ პრიორიტეტად ვენესუელაში ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოება დაასახელა.