ნატოს საგანგებო სამიტი

ერთდროულად სამი სამიტი ბრიუსელში: უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ნატოს, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ლიდერები რუსეთის აგრესიის შეჩერების გზებზე და თავდაცვის გაძლიერების მექანიზმებზე მსჯელობენ.

ვიწყებთ ნატოს საგანგებო სამიტით, რომელიც ერთობლივი განცხადების მიღებით დასრულდა. რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია და მთელი მსოფლიოს გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება – ეს კომუნიკეს გზავნილებია. ორგანიზაცია პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ჯარების გაყვანისკენ, ჰუმანიტარული დერეფნების სასწრაფოდ ამოქმედებისკენ და მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში საუბარია ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზეც. ორგანიზაციის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელება რუსეთზე, ნატოს თავდაცვითი პოზიციების გაძლიერება, ოთხი საბრძოლო ჯგუფის შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყველა საჭირო ზომის დროულად მიღება ალიანსის თავდასაცავად.