ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი განაჩენი
მეუღლის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა – განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. საქმე ეხება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტს, რომელიც მიმდინარე წლის 27 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტში მოხდა. სოფელ ზემო ყარაბულახში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.