„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკის

„ნაციონალური მოძრაობა“ და მესამე სექტორის ნაწილი, უკრაინის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობაში ბრალდებულთა გამოსავლენად, გამოძიების დაწყებას სთხოვს. ამ მოთხოვნით ისინი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი.

წერილის ხელმომწერები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. მათი თქმით, განცხადების მიზანია, უკრაინაში დაიწყოს გამოძიება იმ პირების მიმართ, რომლებიც მათივე თქმით, დღემდე ჩართული არიან სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და მისი უფლებების დარღვევაში.

ოფიციალურ წერილს ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები და სტუდენტების ნაწილი. მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და უკრაინის უმაღლეს რადას უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.