მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

12:03, 02.08.2025
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის თხოვნის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, საბოლოო სიტყვის სათქმელად ძალების აღდგენა სჭირდება. სწორედ 4 აგვისტოს მოისმენს სასამართლო მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვას. ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელი მთელი დღე ფეხზე იდგა და წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დროს საბოლოო სიტყვის შეთავაზება. ასევე, როგორც მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამაღლობელს ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ შესთავაზა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ამაზე უარს აცხადებს.
გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა ცხრა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სხდომაზე ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად გარე პერიმეტრზე შეკრებილი იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლები. ისინი დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამასთან, სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 

მსგავსი