ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდა. პროცესი კვლავ დიპლომატიური კორპუსის ყურადღების ცენტრშია. ბათუმის სასამართლოში დღეს გერმანიის, შვედეთისა და ესტონეთის ელჩები მივიდნენ. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დღეს ასევე ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ლენა შილინგი ესწრება. პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიწყო. ადვოკატებმა მოითხოვეს მტკიცებულებათა დაშვება, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს უკავშირდება, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა, თუმცა მოსამართლემ არ მიიჩნია საჭიროდ იმ ვიდეომტკიცებულებების გადახედვა, რომელიც დართულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში.
დღესვე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. სწორედ მან ჩაუტარა ექსპერტიზა შემთხვევის შემდეგ როგორც ირაკლი დგებუაძეს, ასევე მზია ამაღლობელს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ დგებუაძეს არ აღენიშნებოდა დაზიანება, მზია ამაღლობელს კი – მარცხენა მხარზე ჰქონდა სისხლჩაქცევები. რაც შეეხება ტკივილს სილის გაწვნის შემდეგ, ექსპერტი ამბობს, რომ ტკივილი სუბიექტური შეგრძნებაა და არ არის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის ობიექტი.