„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა. მოსამართლე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს უსმენს. დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოზე საქმის მთავარი ფიგურანტი, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე უნდა დაკითხულიყო, თუმცა მოსამართლემ სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი მიხეილ დარჩია და კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიკითხებოდა. დარჩიას თითქმის ორი საათის განმავლობაში უსვამდნენ შეკითხვებს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე. შეკითხვები დაკავების პროცესს, დაკავების, დათვალიერების ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნასა და სხვა გარემოებებს ეხება. პროცესს დღესაც ესწრება დაკავებული მზია ამაღლობელი.