მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება – სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლოს წინა სხდომა და 28 ივლისს, შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს. დღეს დაიკითხება ექსპერტი – ექიმი-ნევროლოგი, პროცესს მზია ამაღლობელიც ესწრება. ტრადიციულად, სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, სასამართლოს შენობასთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლები ხელისუფლების მხრიდან დამატებით ზეწოლაზე საუბრობენ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებით, მათ შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო, ბიუჯეტის წინაშე ჰქონდათ 47 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება, რასაც დაემატა საურავი. ეთერ თურაძე აცხადებს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართეს შემოსავლების სამსახურს, დავალიანების გრაფიკით გადახდის თხოვნით, თუმცა, უწყებამ ეს არ დააკმაყოფილა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ „ბათუმელებმა“ ბათუმში ოფისის შენობის გაყიდვა გადაწყვიტა.