შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ ახალი სამართლებრივი დავა დაიწყო. ამჯერად სამინისტრო ამაღლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ედავება, რომელიც კედელზე სტიკერის გაკვრას გულისხმობს. საქმე ეხება იმავე ღამეს, როცა ამაღლობელი დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახალი ბრალის წარდგენა კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდა, დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ამაღლობელი სისხლის სამართლის საქმეზე უკანონოდ, ადმინისტრაციული დაკავების საფუძველზე დააკავეს.
დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში არის შეუსაბამობები და შინაგან საქმეთა სამინისტრო პოზიციების გამყარებას ახალი გარემოებებით ცდილობს. ახალ ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს ჩანიშნული პროცესი მოსამართლემ 9 ივნისისთვის გადადო, რადგან შემჭიდროებული ვადების გამო, ვერ მოესწრო საქმის მასალების გაცნობა.