მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

შიმშილობის 37-ე დღე – მზია ამაღლობელი ისევ „ვივამედში“ რჩება. ადვოკატის ცნობით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის პოზიციას არ ცვლის და საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს – გუშინ სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტის უფლებადამცველებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლითაც სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე განსახილველად არ მიიღო. ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომელიც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს.