უკვე 28-ე დღეა, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურა ჩხაიძის განცხადებით, მზია ამაღლობელი თავს მხნედ გრძნობს და მას უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა. მისივე განმარტებით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილმა კონსილიუმმა გუშინ დეტალური განცხადება გაავრცელა და მუშაობას აგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, მასზე ვრცელდება პენიტენციურ სისტემაში არსებული წესები, შესაბამისად, მას უქმე დღეებში უფლებადამცველი ვერ მოინახულებს. სწორედ ამიტომ, ადვოკატი ჯუბა ქათამაძე გეგმავს, რომ სახალხო დამცველის აპარატს თხოვნით მიმართოს, მოინახულოს და გაეცნოს ჟურნალისტის მდგომარეობას.