მზადება დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის

ორი დღე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე – დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცის მეორედ დასადებად ემზადება. ცერემონია დაბალი ტემპერატურისა და მოსალოდნელი ყინვის გამო, კონგრესის შენობაში გაიმართება. კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში მოეწყობა საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც, სადაც ახლა სამზადისი მიმდინარეობს. მზადებაა ქართულ ოპოზიციაშიც, რომლის წარმომადგენელთა ნაწილი ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.

ვაშინგტონში იმყოფება და ცერემონიას კონგრესმენი ჯო უილსონის მოწვევით დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც. მანამდე სალომე ზურაბიშვილი უმცროსი ტრამპის მიერ გამართულ მიღებაზეც იმყოფებოდა. ამავე მიღებაში მონაწილეობა მიიღეს პარტია „ფედერალისტების“ ლიდერებმა. ინაუგურაციაზე დასწრებას აანონსებენ „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებიც. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის შანსი პარტნიორებამდე ქართველი ხალხის გზავნილი მიიტანონ.

მმართველ გუნდში კი ოპონენტების მხრიდან სპეკულაციებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება, ბილეთების შეძენის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.