მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. მ.შ. არის გოგონა, რომელიც აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია და გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილთან მიმოწერა ჰქონდა, სადაც ბაჩალიაშვილი მას მოსალოდნელ საფრთხეებზე ესაუბრებოდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მედიასაშუალებით გაასაჯაროეს ფოტომასალა ე.წ. სქრინშოტები, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის თითქოსდა სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას.

აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება.

პროკურატურამ კი დაადგინა, რომ მ.შ.-მ სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ ფეისბუქპროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა სხვა სახელით,  „თამარ ბაჩალიაშვილი“ დაარქვა და  მიმოწერა განახორციელა საკუთარ სახელზე შექმნილ გვერდთან, რითიც საგამოძიებო უწყების განცხადებით, მ.შ. მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენდა.