ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ იცოდა ამ გეგმების შესახებ, თუმცა ამერიკის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მისი თქმით, ირანს არაერთხელ მისცა მოლაპარაკებების შანსი და სანამ გვიანი იქნება, უნდა დადონ შეთანხმება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი მოუწოდებს ირანსა და ისრაელს, უკან დაიხიონ და სასწრაფოდ განმუხტონ დაძაბულობა. მისი თქმით, რეგიონში ესკალაცია „არავის აწყობს“. გერმანიის კანცლერმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან. მერცის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავისი არსებობა. ხოლო, ირანი კვლავ არ ასრულებს ვალდებულებებს. ეს ბირთვული პროგრამა არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, განსაკუთრებით, ისრაელს. გერმანიის კანცლერმა ასევე მოიწვია უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა.
მომხდარს გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც. ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები საგანგაშოა. ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიზნით დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე.