მსოფლიო ბანკის კვლევა
სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ასეთია მსოფლიო ბანკის მონაცემი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგად გამოაქვეყნეს. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 59% აიღო და ევროპის ქვეყნების ოცეულში მოხვდა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, შექმნილია გლობალური რეიტინგის მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა ორი მიმართულებით: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა დავების გადაწყვეტისას. შეფასებისას საქართველომ გაასწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 15 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ ორ ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია.